კობახიძე სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ახლა უფრო მეტად არიან ორიენტირებული კავშირების განმტკიცებაზე

კობახიძე სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ახლა უფრო მეტად არიან ორიენტირებული კავშირების განმტკიცებაზე

ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიური ფორუმის პანელზე გამოსვლისას განაცხადა, რომ დიპლომატია საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მთავარი იარაღია. მისი თქმით, დიპლომატიის წყალობით დღეს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნებულია. „საუკუნეების მანძილზე ჩვენ ვარსებობთ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, იმპერიების გზაჯვარედინზე. ბევრი იმპერია გაქრა ჩვენს ირგვლივ, მაგრამ საქართველო გადარჩა. დიპლომატია იყო ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მთავარი ინსტრუმენტი. ამიტომაც ღრმად გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ბევრი შეცდომა დავუშვით. ალბათ იმიტომ, რომ საქართველო არ იყო საკმარისად დიპლომატიური და პრაგმატული - ალბათ სწორედ ამან გამოიწვია ეს შეცდომები. ბევრი გაკვეთილი ვისწავლეთ. ჩვენ ხელახლა ვისწავლეთ დიპლომატია და პრაგმატიზმი. ამიტომ დღეს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობაა. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ასე დიდად გვჯერა დიპლომატიის როლში. მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ყველა ქვეყნის მიდგომა. თითოეული სახელმწიფო ორიენტირებული უნდა იყოს თავისი პრობლემებისა და სხვადასხვა საკითხების დიპლომატიურ გადაწყვეტაზე, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს უხეში პოლიტიკური ინტერესები ჭარბობს დიპლომატიას. ეს არის ზოგადი მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით მსოფლიოში და ის უნდა შეიცვალოს“, - აღნიშნა კობახიძემ. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ახლა სულ უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი დიპლომატიურ გადაწყვეტილებებზე, კავშირების გაძლიერებაზე და პრაგმატულ მიდგომაზე. „მინდა ხაზი გავუსვა წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის როლს, რომელიც პირდაპირ კავშირშია დიპლომატიის არსთან. თუ ჩვენ არ შევძლებთ სამყაროში წესრიგის აღდგენას წესებისა და ღირებულებების საფუძველზე, დიპლომატია ვერასოდეს გადალახავს უხეშ პოლიტიკურ ინტერესებს. ამას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია კავშირების როლი და ჯანსაღი ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობა. თუ ჯანსაღი ეკონომიკური კავშირები და ინტერესები სჭარბობს პოლიტიკურს, დიპლომატიის როლი მსოფლიოში გაცილებით გაძლიერდება. სამხრეთ კავკასია ძალიან კარგი მაგალითია. ჩვენს რეგიონს ბევრი პრობლემა და კონკრეტული კონფლიქტი ჰქონდა, მაგრამ ახლა რეგიონის ქვეყნები უფრო მეტად არიან ორიენტირებული დიპლომატიურ გადაწყვეტაზე, პრაგმატულ მიდგომებზე და კავშირების განმტკიცებაზე. ეს დიდ დახმარებას უწევს არა მხოლოდ რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებას, არამედ ჩვენი ხალხების კეთილდღეობის განმტკიცებას. ეს კარგი მაგალითია და ვფიქრობ, ამ გზას მსოფლიოს ყველა ქვეყანა უნდა გაჰყვეს. ჩვენ უნდა ავაშენოთ ხიდები და არა დავწვათ - ეს უნდა იყოს საერთო მიდგომა. ამ შემთხვევაში დიპლომატიის როლი გაცილებით გაძლიერდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი გახდა ბარიერი საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორისკალაძე: გარე ჩარევით სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაზე დიდი თანხები დაიხარჯათანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების პარლამენტების თავმჯდომარეებმაახლო აღმოსავლეთის ომმა საგრძნობლად გაზარდა საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა„გრუზსტატის“ აღმასრულებელ დირექტორად ახალი ვადით გოგიტა თოდრაძე დაინიშნაკობახიძე ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

ENDEKA