გოგიტა თოდრაძე საქსტატის აღმასრულებელ დირექტორად ახალი ვადით დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გოგიტა თოდრაძე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) აღმასრულებელ დირექტორად ახალი ვადით დაინიშნა. საქსტატის ინფორმაციით, თოდრაძე თანამდებობაზე კონკურსის წესით შეირჩა. „შერჩევის პროცესი ჩაატარა საქართველოს მთავრობის 2026 წლის 16 მარტის №110 განკარგულებით შექმნილი კომისიის მიერ. კანდიდატების შეფასების შემდეგ კომისიამ შეარჩია გოგიტა თოდრაძე და მისი კანდიდატურა დასანიშნად პრემიერ-მინისტრს წარუდგინა. გოგიტა თოდრაძე საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა, მას აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკის (სტატისტიკის) და სამართლის მიმართულებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. 2006 წლიდან არის ეკონომიკის დოქტორის ხარისხი. მას საქსტატში მუშაობის თითქმის 25 წლიანი გამოცდილება აქვს. მან კარიერა დაიწყო 2002 წელს, როგორც ეკონომისტმა მოსახლეობის აღწერის განყოფილებაში. წლების განმავლობაში მუშაობდა სოციალური ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, უფროსის მოადგილედ და თბილისის სტატისტიკის სამმართველოს უფროსად. 2006-2016 წლებში იყო ბიზნესის სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი; 2016 წლიდან 2018 წლამდე აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; ხოლო 2018 წლიდან აღმასრულებელი დირექტორი. გოგიტა თოდრაძე აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო სტატისტიკურ საქმიანობაში. 2017 წლიდან მონაწილეობს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ექსპერტ სამუშაო ჯგუფებში. 2019 წლიდან 2022 წლამდე იყო გაეროს სტატისტიკური კომისიის (UNSC) წევრი. 2018 წელს იგი აირჩიეს გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს წევრად, ხოლო 2020 წლიდან 2022 წლამდე მუშაობდა ამ ბიუროს თავმჯდომარედ. 2025 წლის ივნისიდან არის UNECE-ის ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის (CES) ბიუროს წევრი და ვიცე პრეზიდენტი, ხოლო 2025 წლის სექტემბერში აირჩიეს საერთაშორისო სტატისტიკური ინსტიტუტის (ISI) წევრად. გარდა ამისა, გოგიტა თოდრაძეს აქვს 15 წლიანი უწყვეტი პედაგოგიური გამოცდილება. 2009 წლიდან კითხულობს ლექციებს სტატისტიკაში სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 2017 წლიდან არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2022 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოთხი წლის ვადით. გოგიტა თოდრაძეს ახალი ვადა 2026 წლის 3 მაისს შეუდგება“, - ნათქვამია განცხადებაში.
• პარლამენტმა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო • საზღვარგარეთ მიღებული განათლების აღიარების ფუნქცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გადაეცა • შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი გახდა ბარიერი საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის • აზერბაიჯანმა სომხეთიდან საქართველოს გავლით საქონლის იმპორტი დაიწყო • შალვა პაპუაშვილი: ის, რაც ერთ ქვეყანაში „დაცვად“ ითვლება, მეორეში „შეზღუდვად“ აღიქმება - ის, რასაც ერთ სისტემაში აქებენ, მეორეში აკრიტიკებენ - თუ თანამშრომლობას სერიოზულად მივუდგებით, წესები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს • აბასთუმნის საჰაერო სივრცე ფრენებისთვის 16 აპრილიდან დაიკეტება •