ლევან მახაშვილი ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული დისკუსია ვაიმარის სამკუთხედის დელეგაციასთან განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება...
„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო, კონსტრუქციული დისკუსია ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების დელეგაციასთან - განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც ეხება როგორც ქართულ მხარეს, ასევე ევროკავშირს“, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, მხარეებს შორის არის საერთო გაგება, რომ აუცილებელია კონსტრუქციული დიალოგი. "ეს იყო ძალიან საინტერესო, კონსტრუქციული და დეტალური დისკუსია. ჩვენ განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება როგორც ქართულ მხარეს, ასევე ევროკავშირს, კონკრეტულად ამ ქვეყნებს: პოლონეთს, გერმანიას და საფრანგეთს. მათ წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ სად ხედავენ პრობლემებს და რა გამოსავალი შეიძლება იყოს. რაც არ უნდა კომპლექსური იყოს საკითხები, დიალოგი აუცილებელია იმისათვის, რომ ვიპოვოთ საერთო გადაწყვეტილებები ორივე მხარისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე“, - განაცხადა მახაშვილმა. მმართველი უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დაისვა კითხვა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას საქართველოს შესახებ, სადაც სალომე ზურაბიშვილი კვლავ პრეზიდენტის პოსტზეა. მახაშვილის თქმით, გერმანულმა მხარემ მიზეზად ტექნიკური საკითხი დაასახელა. დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება. „ერთ-ერთ საკითხად აღვნიშნე, რომ ჩვენთვის გაუგებარია, დაახლოებით ორი წელია, როგორ ვერ ახერხებს გერმანული მხარე ამ ხარვეზის გამოსწორებას, მიუხედავად მიზეზისა. მათ დაასახელეს ტექნიკური შეცდომა, მაგრამ მე აღვნიშნე, რომ გერმანიისთვის ტექნიკური პრობლემა არ უნდა იყოს ორი წლის განმავლობაში ასეთი მარტივი საკითხის გამოსწორება. ტექნიკური შეცდომის გარდა სხვა ახსნა არ მოვისმინეთ. იმედია, თუ ეს ნამდვილად ტექნიკური საკითხია, უახლოეს მომავალში მოგვარდება“, - განაცხადა მახაშვილმა. ცნობისთვის, ვაიმარის სამკუთხედის დელეგაციის წევრები არიან: ნიკლას ვაგნერი, გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი; საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ბრის როკფეო; და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მიხალ გიერგიონი. დელეგაცია ასევე შეხვდა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ლევან ჟორჟოლიანს. ასევე გაიმართა შეხვედრები ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
• ანა ბუჩუკური: ამ უსირცხვილო პროპაგანდის პირობებში, როდესაც ქართული ოცნება პარტნიორებს ესხმის თავს, ჩვენი პარტნიორების ყოველი ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია • პაპუაშვილი: ჩვენ არ ვართ ისტორიის დამკვირვებლები, ჩვენ ვართ მისი ავტორები • ეკონომიკის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა Starbucks-ის შესვლა ქართულ ბაზარზე • შალვა პაპუაშვილი არაბეთის გაერთიანებული საემიროების პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა • გიორგი თუმასიანი: პიტერ მაგარმა დაიწყო ძალიან პოზიტიურად და აქტიურად - მისი განცხადებები ადასტურებს, რომ როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებაში მოდის, სახელმწიფოზე ორიენტირებული ფიქრობს • პილპანი: სალომე ზურაბიშვილმა მოახდინა არჩევნების დისკრედიტაცია და ყველა ის პარტია, ვინც შევიდა თვითმმართველობის არჩევნებში •