ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა

ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა

ევროკომისია დღეიდან საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს უვიზო რეჟიმს აჩერებს, ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. „მათ ახლა ვიზა დასჭირდებათ შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნებისთვის შესვლისას. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამოიყენება ახალი გაფართოებული ვიზების შეჩერების მექანიზმი“, - ნათქვამია განცხადებაში. პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ ვიზების შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში უვიზო რეჟიმის ვალდებულებების მიზანმიმართული და სისტემატური დარღვევის საპასუხოდ. ევროკომისია განმარტავს, რომ ვიზალიბერალიზაციის მიზანია ადამიანთა შორის კონტაქტების ხელშეწყობა და საერთო ღირებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემა. „2024 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა, მათ შორის საპროტესტო აქციების ჩახშობამ, ოპოზიციური პოლიტიკოსების და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობა, უარყოფითად იმოქმედა საქართველოში არსებულ ვითარებაზე და გამოიწვია რიგი ფუნდამენტური უფლებებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევა. საქართველომ ასევე უარი თქვა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკის შესრულებაზე, რაც უვიზო რეჟიმის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. კომისია თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებზეც ეფუძნება ვიზალიბერალიზაცია“, - ნათქვამია პრესრელიზში. გარდა ამისა, დღეს კომისიამ მიიღო გაიდლაინები წევრი სახელმწიფოების საკონსულო ხელისუფლებისა და მესაზღვრეებისთვის, რათა დაეხმარონ წევრ სახელმწიფოებს უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ეფექტურად განხორციელებაში. „რეკომენდაციები გვთავაზობენ კონტროლის გაძლიერებას ევროკავშირის გარე საზღვრებს კვეთს საქართველოს ყველა მოქალაქეზე. ევროკავშირში ოფიციალური და დიპლომატიური მიზნებით შესულმა ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უნდა გამოიყენონ თავიანთი დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტები. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს შესვლის უარი. წევრმა სახელმწიფოებმა ასევე უნდა უზრუნველყონ საქართველოს ყველა მოქალაქის შემოწმება ეროვნულ და ევროპულ მონაცემთა ბაზებთან, როგორიცაა სავიზო საინფორმაციო სისტემა, შენგენის საინფორმაციო სისტემა და სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზები. შესვლის/გასვლის სისტემა, რომელიც ეტაპობრივად დაინერგა ევროკავშირის მასშტაბით გასული წლის ოქტომბრიდან, უზრუნველყოფს უსაფრთხოების კონტროლის დამატებით ფენას“, - ნათქვამია პრესრელიზში. გარდა ამისა, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელების მიერ შენგენის ვიზაზე განაცხადის შეტანისას, წევრ სახელმწიფოებს ურჩევენ ჩაატარონ საფუძვლიანი შემოწმება, გასაუბრება და მოითხოვონ განმცხადებლების დამადასტურებელი დოკუმენტები. „წევრმა ქვეყნებმა უარი უნდა თქვან ვიზებზე, თუ არსებობს რაიმე ეჭვი განმცხადებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობაში“, - ნათქვამია განცხადებაში. რეკომენდაციები წევრ ქვეყნებს წარედგინება ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე 27 მარტს და „კომისია მჭიდროდ დააკვირდება მათ შესრულებას წევრ ქვეყნებთან ერთად“.

პიტერ ფიშერი: სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანაNAP იწყებს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის განხორციელებას 2026 წლისთვისბათუმის ბულვარზე ნაპირზე ობიექტების დემონტაჟი გრძელდებასაქართველოს ოთხ ქალაქში ერთ თვეში 831 ავტომობილი გამოვლინდა ემისიის სტანდარტების გადაჭარბებითაშშ მოელის საქართველოდან ურთიერთობის გაღრმავებისადმი ერთგულების დემონსტრირებას - სახელმწიფო დეპარტამენტიევროკავშირის კალასი და კოსი უარყოფენ GD-ის ახალ კანონებს, რომლებიც ზღუდავს უცხოურ დაფინანსებას და პოლიტიკურ საქმიანობას

ENDEKA