თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილი ერთიანობით უნდა დავამარცხოთ
„დღეს ჩვენ შევთანხმდით ერთიანი მოქმედების წესებსა და სტრატეგიაზე და ეს სწორი ნაბიჯია“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ. თინა ბოკუჩავას თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო, არის და დარჩება ერთიანობის მომხრე. „გასაგებია, რომ ჩვენ შორის არის განსხვავებები, მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და ყოველთვის იქნება ერთიანობის მომხრე, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ერთიანობით უნდა დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. დღეს ჩვენ შევთანხმდით ერთიანი მოქმედების წესებსა და სტრატეგიაზე და ეს არის სწორი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია საზოგადოების ოპოზიციური ერთიანობის მოთხოვნაზე პასუხის გასაცემად. ამ მხრივ, დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. შეგახსენებთ: ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის შეიქმნა „ოპოზიციური ალიანსი“. დოკუმენტს ხელს აწერენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“. ხელმომწერი ოპოზიციური ძალები თანხმდებიან საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და აცხადებენ, რომ კოლექტიური ძალისხმევით გაათავისუფლებენ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმისგან“, აღადგენენ ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს და უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას. შეთანხმება ეფუძნება რამდენიმე პრინციპს, მათ შორის „ერთიანობას ერთგვაროვნების გარეშე“. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ თავიანთ იდეოლოგიურ იდენტობას, მაგრამ თანხმდებიან ერთიან საპროტესტო აქციებსა და საერთო კომუნიკაციის სტრატეგიაზე. გარდა ამისა, მონაწილე პარტიები თანხმდებიან ქცევის კოდექსზე, რომელიც არეგულირებს ხელმომწერებს შორის ურთიერთქმედების წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას ნებისმიერი დარღვევისთვის. „ოპოზიციური ალიანსი“ პირობას დებს, რომ „იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტპატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე“.
• ისრაელის ელჩი: განვითარებული მოვლენების ფონზე, მაქვს სურვილი, შევხვდე საქართველოს მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებს • ქართველი ბიზნესმენი საქართველოს მოქალაქეებს ომანიდან თბილისის მიმართულებით უფასო კერძო რეისს სთავაზობს • სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები ოპოზიციურ ალიანსს - ეს სტრატეგია უნდა გახდეს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების ერთიანი ბრძოლის საფუძველი - რეჟიმის შეცვლა და მშვიდობიანი ტრანსფორმაცია. • ტრამპმა კონგრესს გაუგზავნა წერილი ირანზე თავდასხმების გასამართლებლად • ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში ხანძრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. • „გახარია საქართველოსთვის“ კვლავ გაემიჯნა ოპოზიციურ გაერთიანებას •