გიორგი ვაშაძე დღეს ყველას გაერთიანებისკენ გადადგმული პირველი სტრატეგიული ნაბიჯია დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოებასთან ერთად საბოლოოდ გამარჯვებას მ...
„ჩვენ ყველას გამარჯვებას მივაღწევთ; პროცესი დღეს იწყება“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ჟურნალისტებთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ, სადაც პარტიებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და გადაწყვიტეს „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნა. გიორგი ვაშაძის თქმით, დღევანდელი დღე „ყველას გაერთიანების მიმართულებით პირველი სტრატეგიული ნაბიჯია“. „ოპოზიციური ალიანსი ჩამოყალიბდა. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი გზავნილია ერთიანობა, კონსენსუსი, ერთად დგომა, ქვეყნის ფეხზე დაყენება და საქმის კეთება. ამისთვის დიდი შრომაა საჭირო და დღევანდელი დღე ყველას გაერთიანებისკენ პირველ სტრატეგიულ ნაბიჯად უნდა განვიხილოთ. ყველაფერი კარგადაა. დარწმუნებულები ვართ, რომ საბოლოოდ, საზოგადოებასთან ერთად, გამარჯვებას მივაღწევთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ: ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის „ოპოზიციური ალიანსი“ ჩამოყალიბდა. დოკუმენტს ხელს აწერენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“. ხელმომწერი ოპოზიციური ძალები თანხმდებიან საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და აცხადებენ, რომ კოლექტიური ძალისხმევით გაათავისუფლებენ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმისგან“, აღადგენენ ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს და უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას. შეთანხმება ეფუძნება რამდენიმე პრინციპს, მათ შორის „ერთიანობას ერთგვაროვნების გარეშე“. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ თავიანთ იდეოლოგიურ იდენტობას, მაგრამ თანხმდებიან ერთიან საპროტესტო აქციებსა და საერთო კომუნიკაციის სტრატეგიაზე. გარდა ამისა, მონაწილე პარტიები თანხმდებიან ქცევის კოდექსზე, რომელიც არეგულირებს ხელმომწერებს შორის ურთიერთქმედების წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას ნებისმიერი დარღვევისთვის. „ოპოზიციური ალიანსი“ პირობას დებს, რომ „იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტპატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე“.
• განათლების სამინისტრომ 2026-2027 სასწავლო წელს ჩარიცხვის პროცესში გამონაკლისები დაუშვა • სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თბილისს ეწვია • საქართველოში მცხოვრებმა ირანელებმა აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამოაცხადეს • დემნა გვასალიამ Gucci-ში პირველი კოლექცია წარადგინა • ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში ხანძრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. • ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში - საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა •