მოსამართლე გიორგი არევაძე ელენე ხოშტარიას მის წინააღმდეგ 16 ადმინისტრაციული საქმე ჰქონდა და ჯარიმა არ გადაუხდია მან დაკისრებული გირაო ვერ გადაიხადა, ზ...
მოსამართლე გიორგი არევაძე განმარტავს, თუ რატომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ. არევაძის თქმით, ხოშტარიას საქმეში შემამსუბუქებელი გარემოებები არ არსებობდა, რადგან წარსულში მის წინააღმდეგ 16 ადმინისტრაციული საქმე იყო და დაკისრებული არც ერთი ჯარიმა არ გადაუხდია. „მისი ბრალეულობა დასტურდება როგორც ტელეკომპანიის მიერ გადაღებული კადრებით, ასევე დაცვის თანამშრომლის მიერ გადაღებული კადრებით, ჯამური ზარალი 570 ლარს შეადგენს, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბანერი ვერ აღდგება. სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები არ ყოფილა. მას 16 ადმინისტრაციული საქმე აქვს აღძრული და დაკისრებული ჯარიმები არ გადაუხდია. მას გირაოც შეეფარდა, რომელიც არ გადაიხადა. მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებია და ბრალს არ აღიარებს“, - განაცხადა გიორგი არევაძემ. ცნობისთვის, პოლიტიკოსი და პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელსაც ბრალად ედებოდა კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანება, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ერთ წელიწადში დატოვებს. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ელენე ხოშტარია გასული წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს. ეს დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას 1-დან 5 წლამდე. აღნიშნულ საქმეზე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 5000 ლარი, რაზეც მან უარი განაცხადა და განაჩენის გამოცხადებამდე პატიმრობაში იმყოფებოდა. 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, ხოშტარიამ თავის საარჩევნო ბანერზე „რუსული ოცნება“ დაწერა. ქმედების ამსახველი ვიდეო მან სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა და აღნიშნა, რომ სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის იყო დაკავებული და მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
• ელენე ხოშტარია: სასაცილოა იმის ფიქრი, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ დამსაჯა • ნიკა გვარამია: ისტორიაში პირველად, მარკერი დანაშაულის ჩადენის იარაღად იქნა აღიარებული, ელენეს კი სამშობლოს სიყვარულისთვის მიუსაჯეს - ეს აღიქმება, როგორც სიგნალი, რომ დავნებდეთ, მაგრამ თუ ვინმე უნდა დანებდეს, ეს იქნება ივანიშვილი. • კუპრაძე: ელენა ხოშტარიას ციხეში შეყვანა არის გადაწყვეტილება პოლიტიკური დევნისა და შურისძიების ფარგლებში • რასა იუკნიავიჩინა ელენა ხოშტარიას განაჩენის შესახებ • უფასო წამალი ძაღლების მეურვეებისთვის თბილისში • თინა ხიდაშელი: აფიშაზე წერისთვის ციხეში არავინ მიდის, თუ გიჟურ დიქტატურაში არ ცხოვრობ •