კობახიძე საქართველო მსოფლიოს სთავაზობს ინვესტიციებისა და ბიზნესის განვითარების სტაბილურ გარემოს
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველო, სავარაუდოდ, მიაღწევს ყველაზე მაღალ საშუალო ეკონომიკურ ზრდას რეგიონში და ევროპის ქვეყნებს შორის, წელიწადში 5,1%-ით“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, მსოფლიო ბანკის 2025 წლის ბიზნეს მზადყოფნის ინდექსის მიხედვით, საქართველოს ბიზნესგარემო სამხრეთ კორეასთან, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად მსოფლიოს პირველ ოთხეულში შედის. „ჩვენ გლობალურ ათეულში ვართ რიგი ძირითადი ბიზნეს ინდიკატორებით; ჩვენ მეორე ადგილზე ვართ მსოფლიოში ოპერაციული ეფექტურობისა და დავების გადაწყვეტის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მმართველობის ინდექსი ხაზს უსვამს საქართველოს ძლიერ ინსტიტუციურ სტრუქტურას, რაც ქვეყანას აყენებს ინვესტიციების მოზიდვის გლობალურ ლიდერებს შორის. ეს ყველაფერი ერთად ქმნის მკაფიო გზავნილს: საქართველო სთავაზობს მსოფლიოს სტაბილურ, პროგნოზირებად და კონკურენტულ გარემოს ინვესტიციებისა და ბიზნესის გაფართოებისთვის. ამ პროგრესის მთავარი მაჩვენებელია ჩვენი ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ეროვნული ვალუტის სიძლიერე. ათი წლის წინ ბანკებში ოჯახების დეპოზიტების უმრავლესობა უცხოურ ვალუტაში იყო განთავსებული. დღეს, ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკისა და საზოგადოების მზარდი ნდობის წყალობით, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაეცა, რადგან ლარის მიმართ ნდობამ ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია, რაც უზრუნველყოფს სტაბილურობას და მნიშვნელოვანი ფაქტორია საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ეს ნდობა აშკარად გამოვლინდა მიმდინარე წლის დასაწყისში ევროობლიგაციების გამოშვებით. გლობალური ეკონომიკური რყევების მიუხედავად, საერთაშორისო ინვესტორების ინტერესმა ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ მიწოდებას ხუთნახევრით გადააჭარბა. ეს არის საქართველოს მომავალი ეკონომიკური პერსპექტივებისადმი ნდობის ძლიერი სიგნალი“, - განაცხადა პრემიერმა.
• მათ კვლავ მოითხოვეს სანქციები ქართული ტელეარხების მიმართ • ელენა ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გახდება ცნობილი • საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს წარმომადგენელი ჩამოვიდა • საქართველოში რძის პროდუქტების უკანონო წარმოება გამოვლინდა • სომხეთი თბილისისა და ბრიუსელის შერიგებას ცდილობს • დოპინგ-სკანდალი ქართულ რაგბიში: კავშირმა დარღვევები აღიარა •