პროკურორი ექსპერტებმა გამორიცხეს, რომ გიგა ავალიანი დარტყმის შედეგად ასფალტზე უკუღმა დაეცა და ჭრილობა იმ მომენტში მიიღო მას ფეხზე დგომისას უშუალო დარტ...
დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ გიგა ავალიანი დარტყმის შედეგად ასფალტზე უკუღმა დაეცა და დაცემისას მიიღო დაზიანება. ეს საექსპერტო კომისიამ კატეგორიულად გამორიცხა, რადგან ავალიანს ფეხზე დგომისას უშუალო დარტყმის შედეგად აქვს შუბლის ძვლის მოტეხილობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილი პედაგოგის გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა ქეთევან სონიძემ განუცხადა. როგორც მან განმარტა, დღეს გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვნის საქმეზე ორი ექსპერტი დაიკითხა. „დღეს გამოიკვლიეს ერთ-ერთი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი მტკიცებულება - ეს არის კომისიის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. გამოკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ გიგა ავალიანს მართლაც ჰქონდა შუბლის ძვლის მოტეხილობა, რამაც გამოიწვია მისი უმძიმესი დაზიანება, პირდაპირ კავშირშია მის ფატალურ შედეგთან. კატეგორიულად დადგინდა, რომ ეს დაზიანება რაიმე მძიმე, ბლაგვი საგნის გამოყენებით იქნა მიყენებული. ექსპერტი განმარტავს, რომ მძიმე, ბლაგვი საგანი შეიძლება იყოს ადამიანის ანატომიური ნაწილი, მათ შორის ხელი, მუშტი, ფეხი, ან შეიძლება იყოს ქვა, აგური, ხის ნაჭერი და ა.შ. ამ შემთხვევაში, ექსპერტს არ შეუძლია განსაზღვროს კონკრეტული ტიპის მძიმე, ბლაგვი საგანი. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ დარტყმის შედეგად გიგა ავალიანი ასფალტზე უკუღმა გადავარდა და ჭრილობა დაცემისას უნდა მიეღო. თუმცა, ექსპერტთა კომისიამ ასეთ ვითარებაში შუბლის ძვლის მოტეხილობა კატეგორიულად გამორიცხა, რადგან დაშავებულს ფეხზე დგომისას პირდაპირი დარტყმის შედეგად აქვს მოტეხილობა და მიყენების მიმართულება იყო წინიდან უკან და არა პირიქით. დაცემის შედეგად მას უნდა მიეღო დაზიანება კეფის მიდამოში - ზურგიდან წინ. ამ შემთხვევაში გიგა ავალიანს დაზიანება პირდაპირ შუბლის მიდამოში აქვს მიყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდამსხმელები მის პირისპირ იყვნენ“, - განაცხადა სონიძემ. აღნიშნულ საქმის განხილვა ამ წუთებში შესვენებაა გამოცხადებული. 15:00 საათიდან სასამართლო დაკითხავს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც შემთხვევის დროს გიგა ავალიანის დახმარებას ცდილობდნენ. ცნობისთვის: გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძეს და დემეტრე ჩიქოვანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით ედებათ, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც გამოიწვია სიკვდილი.
• საქართველოს მოქალაქეები ამერიკის 10 წლიანი ვიზის მიღებას ვეღარ შეძლებენ • სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის დაკრძალვისთვის მზადება მიმდინარეობს • თბილისში უძრავი ქონების გაყიდვები 20%-ით გაიზარდა. • 2025 წლის მსოფლიო ბედნიერების ანგარიშში საქართველო 91-ე ადგილზეა • საქართველო ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მიხედვით 20 საუკეთესო ქვეყანას შორისაა: 2025 წელს 15000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი ევროპაში. • კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შესაძლოა საქართველოში წმინდანად შერაცხონ •