კობახიძე უწმინდესის წვლილი სულიერ განზომილებას სცდება
უწმინდესის წვლილი სცილდება წმინდა სულიერ განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ფასდაუდებელია ილია მეორის წვლილი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პატრიარქმა თავისი სიბრძნით, მოყვასის სიყვარულით, უსაზღვრო მოთმინებითა და მიტევების უნარით შეძლო მოქალაქეების გულებში რწმენის განმტკიცება. სამძიმარს ვუცხადებ სრულიად საქართველოს ჩვენი ხალხის სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალებას. მისი გარდაცვალების შემდეგ დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. უწმინდესის სამწყსო მსახურების პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ, გარდამტეხ წლებს დაემთხვა. ამ ისტორიულ გზაზე ის უცვლელად რჩებოდა ერის სულიერ ლიდერად და ერთიანობის სიმბოლოდ. პატრიარქმა თავისი სიბრძნით, მოყვასის სიყვარულით, უსაზღვრო მოთმინებითა და მიტევების უნარით შეძლო რწმენა განემტკიცებინა ჩვენს გულებში. უწმინდესის წვლილი სცილდება წმინდა სულიერ განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში, ტრადიციების გადარჩენასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში ფასდაუდებელია ილია მეორის წვლილი. ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანისადმი თავდაუზოგავი მსახურებით მან სამუდამოდ დაიკავა თავისი ადგილი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უდიდეს მოღვაწეთა შორის. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს, ეპისკოპოსებს, სასულიერო პირებს და თითოეულ თანამემამულეს. ჩვენი და ყველა მომავალი თაობის მოვალეობაა გულდასმით შევინარჩუნოთ ჩვენი სულიერი მამის დიდი მემკვიდრეობა. მარადიული ხსოვნა მას“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
• საპატრიარქო: სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის გადასვენების მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება. • დეკანოზი ანდრია: არის ინფორმაცია პატრიარქის სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალვის შესახებ, სინოდი გადაწყვეტს • ადგილობრივი დროით 16:00 საათზე საპატრიარქოს შენობიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობა გაიმართება. • საქართველოს პატრიარქი ილია მეორე 94 წლის ასაკში გარდაიცვალა • გერმანიის ელჩი: როგორც სულიერი მამა, პატრიარქი ილია მეორე უძღვებოდა ქართველ ხალხს სიხარულსა და მწუხარებაში • ფაშინიანმა გულწრფელი მწუხარება გამოთქვა ილია მეორის გარდაცვალების გამო •