ლევან მახაშვილი მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე ეს უფრო პოლიტიკური სურვილების სიაა, ვიდრე მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეალური დოკუმენტი ეს პოლონელი პროფ...
ეს დოკუმენტი არის პოლიტიკური შეფასებების კრებული და არა სამართლებრივი დასკვნა. ის შეიცავს ბრალდებებს საქართველოს წინააღმდეგ ბოლო ორი წლის განმავლობაში - ეს პოლონელმა პროფესორმა ენციკლოპედიასავით გააკეთა, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას. მისი თქმით, ეს არის თეორიული დოკუმენტი, რომელიც არ არის განზრახული რეალობაში განსახორციელებლად, ვინაიდან „სრულიად მოწყვეტილია რეალობას“. „ეს არის თეორიული დოკუმენტი, რომელიც არ არის განზრახული რეალურად განსახორციელებლად, რადგან ის სრულიად მოწყვეტილია რეალობას. ეს უფრო პოლიტიკური სურვილების ჩამონათვალია, ვიდრე რეალური დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ მტკიცებულებებზე. ამაზე ქართული მხარეც სათანადო რეაგირებას მოახდენს“, - განაცხადა მახაშვილმა. გარდა ამისა, მახაშვილის თქმით, ანგარიში შეიცავს ინფორმაციას ან შეფასებებს, რომლებიც სცილდება „მოსკოვის მექანიზმის“ მანდატს. „მისი მანდატი სულაც არ არის ვინმეს სხვა სასამართლოში გადამისამართება, გადამისამართება და ა.შ. ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც გასაკვირი იყო, რადგან ეს მათი მანდატი არ არის. მათ შეუძლიათ მოიძიონ გარკვეული ინფორმაცია და ეს არის ზოგადად წევრ ქვეყნებს შორის დიალოგის ფორმატი და არა მათი გადამისამართება სხვა ინსტიტუტებში, გაეროში, ჰააგაში ან სხვაგან. მაშასადამე, ეს არის აშკარად გადახრა ამ ნაწილში „მოსკოვის მექანიზმის“ მანდატიდან. რაც შეეხება კონკრეტულ კანონებს, რომლებიც ამ დოკუმენტშია განხილული, აქ ახალი არაფერია ნათქვამი. თუ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ რაიმე ბრალდებები მოვისმინეთ, ეს არის ამ ბრალდებების ერთგვარი ენციკლოპედიური კრებული - იგივე სიტყვები და შეფასებები. ასევე გასაკვირია „გამჭვირვალობის კანონზე“ საუბარი, თითქოს ეს იქნება ერთგვარი ადმინისტრაციული ზეწოლა ორგანიზაციებზე. ერთი მხრივ, ეს არის რაღაც თეორიული საუბრები, მეორე მხრივ, გვაქვს კონკრეტული წლების დაგროვილი პრაქტიკა, რომელიც აჩვენებს, რომ ეს გადაჭარბებული და პოლიტიკური ბრალდებები უფრო უსაფუძვლოა, ვიდრე რაიმე კავშირი რეალობასთან“, - განმარტა მახაშვილმა. კითხვაზე, როგორი იქნება საქართველოს პასუხი და რეაქცია, მახაშვილმა უპასუხა, რომ „რთული იქნება რაიმე კონკრეტულის თქმა იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს საპასუხოდ, რადგან ეს არის აუხდენელი ოცნებებისა და სურვილების სია“. „გამიჭირდება რაიმე კონკრეტულის თქმა იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს საპასუხოდ, რადგან ეს არის აუხდენელი ოცნებებისა და სურვილების სია. ამ ტიპის რეკომენდაციებს, თუ შეიძლება ვუწოდოთ რეკომენდაციები, არაერთხელ გაცემულია პასუხი, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების დროსაც. ე.წ კამიტიდან დაწყებული, ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცა. ამ თემების ხელახლა გადახედვით არაფერი შეიცვლება. კარგია, რომ ეუთოს ქვეყნების უმრავლესობაც სწორად აფასებს ამ პროცესს და მხარს არ უჭერს ამ ტიპის ქმედებებს, რასაც არასწორი მიზეზების გამო „მოსკოვის მექანიზმის“ უსაფუძვლო გააქტიურება ჰქვია“, - განმარტა დეპუტატმა. ცნობისთვის, ეუთომ საქართველოს შესახებ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში განხილულია 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები. დოკუმენტის მიხედვით, მთავარი დასკვნები ისაა, რომ მანდატის პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკანდახევა დაფიქსირდა. ანგარიშის თანახმად, დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა შერწყმულია დამნაშავეების სრულ დაუსჯელობასთან. მთავრობამ თანდათან შეზღუდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება ახალი კანონების მიღებით, რომლებიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და ლგბტ+ თემს. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის აქტი, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) და გრანტების აქტი, რომელიც არეგულირებს უცხოურ გრანტებს. ანგარიში ასევე აწვდის რეკომენდაციებს საქართველოს, ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებსა და საერთაშორისო საზოგადოებას.
• საქართველო თანდათან აკრძალავს პლასტმასის ბოთლებს • „ქართული ოცნების“ ლეგიტიმურობა ევროპარლამენტში კვლავ განხილვის საგანია • ევროკომისარი: ამჟამინდელი კურსით საქართველო ევროკავშირს არც 2030 წლისთვის და არც არასდროს შეუერთდება • ევროკომისიის სპიკერი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ ამიერიდან „ჩრდილოვანი ფლოტის“ არც ერთი ტანკერი არ დაიშვება ქვეყნის პორტებში - ჩვენ გავაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებას ყურადღებით. • გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა • ეუთოს 24-მა წევრმა ქვეყანამ მოუწოდა საქართველოს განახორციელოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები •