თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვაღიარებ იმ გარემოებებს, რომ ზიანი მივაყენე სახელმწიფო ბიუჯეტს და ვნანობ მინისტრს ყველა ...
ვაღიარებ გარემოებებს, რომ აღნიშნული ქმედებებით სახელმწიფო ბიუჯეტს მივაყენე ზიანი და ვნანობ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩემს დავალებებს ასრულებდნენ ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ვლადიმერ ღუდუშაური მოწმის სახით წარადგინა. მისი თქმით, სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის გამოცდილება არ ჰქონდა, რის გამოც ვერ ხვდებოდა, რომ კომპანიების მიერ დასახელებული თანხები არსებულ საბაზრო ფასებთან შედარებით უფრო მაღალი იყო. „მინისტრი [ჯუანშერ ბურჭულაძე] დამიკავშირდა და მითხრა, რომ ფარული შესყიდვით უნდა შეგვეძინა საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა, ასევე მკითხა, ვიცნობ თუ არა ზურაბ ტუკვაძეს და მითხრა, რომ ყველაფერი მისი დავალებით უნდა გამეკეთებინა. ამის შესახებ გიორგი ხაიდრაიას ვაცნობე, მან მითხრა, რომ მინისტრის მითითებები შემესრულებინა. ზურაბ ტუკვაძეს დავუკავშირდი და ჩემს კაბინეტში დავპატიჟე. როცა მას ვესაუბრე, მივხვდი, რომ ჩემს ზარს ელოდა. როცა შევხვდით, არსებითი საუბარი არ გვქონია. ორი კომპანიის დეტალები მომცა და მითხრა, ამ კომპანიებთან ბაზრის კვლევა ჩამეტარებინა. ამის შემდეგ გორის საავადმყოფოდან მინისტრის მისამართით შესაძენი აღჭურვილობის ნუსხა მოვიდა, მაგრამ აპარატურას სპეციფიკაციები არ მოჰყოლია და მოვითხოვე ტექნიკური მახასიათებლებიც მოწოდებულიყო. მოგვიანებით ტექნიკის ტექნიკური მახასიათებლების ნაწილი პირადად მე გამომიგზავნეს, რის შემდეგაც ირაკლი მგალობლიშვილს დავავალე შესყიდვების დაწყება, ბაზრის კვლევა და ორი კომპანიის დეტალები მივაწოდე. მინისტრთან ჩემი შეხვედრის შესახებ არცერთმა თანამშრომელმა არ იცოდა. ჩატარდა ფასების კვლევა, რომელშიც მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა. შემდეგ სატენდერო კომისია შეიკრიბა და გამარჯვებულად ეს კომპანია დაამტკიცა, რის შემდეგაც ხელშეკრულება გაფორმდა. მე არ გადავამოწმე ეს კომპანია, რადგან ეს იყო მინისტრის ბრძანება. პირველი კონტრაქტის შემდეგ გორის ჰოსპიტალმა წარმოადგინა დარჩენილი სამედიცინო აღჭურვილობის სპეციფიკაციები. ამ დროს ზურაბ ტუკვაძემ კიდევ ერთი კომპანიის დეტალები მომცა. შესაბამისად, ეს კომპანია მონაწილეობდა შემდგომ შესყიდვებში. ვინაიდან სია ვრცელი იყო, სამი კომპანია გამოცხადდა გამარჯვებულად. სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის გამოცდილება არ მქონდა, ვერ ვხვდებოდი, რომ მათ მიერ დასახელებული ფასები საბაზრო ფასებს აჭარბებდა, მაგრამ რადგან მინისტრის ბრძანება მოვიდა, კითხვები აღარ დამისვამს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ყველა კომპანიას გამოვიძიებდით და ისე მოვიქცეოდით, რომ ყველაზე დაბალი ფასი მოგვეპოვებინა. ვაღიარებ გარემოებებს, რომ აღნიშნული ქმედებებით მივაყენე ზიანი სახელმწიფო ბიუჯეტს და ვწუხვარ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩემს დავალებებს ასრულებდნენ ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები. მინისტრი ინფორმირებული იყო ყველა ძირითადი შესყიდვის შესახებ. ვინაიდან თავდაცვის სამინისტროში კომისია არ იყო მოწვეული და ეს იყო მავნე პრაქტიკა, შეუძლებელი იყო კრიტიკული მოსაზრებების დაფიქსირება. რაც შეეხება მსხვილ შესყიდვებს, უმეტეს შემთხვევაში ისინი წინასწარ იყო შეთანხმებული და გადაწყვეტილი მინისტრის მიერ. მიმაჩნია, რომ ბაზარზე სხვა კომპანიებიც არიან, რომლებსაც შეუძლიათ მსგავსი სამედიცინო აღჭურვილობის წარმოება“, - განაცხადა ვლადიმერ ღუდუშაურმა. ცნობისთვის: თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით წაუყენეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე. ბურჭულაძეს ბრალად ედება 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია. ბრალდების თანახმად, 2023 წელს ჯუანშერ ბურჭულაძემ მოადგილის, ნათესავის და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აღჭურვილობა 2 606 272 ლარის ნაცვლად 3 940 000 ლარად მიაწოდა.
• "შავი წვიმა" ირანს ატყდება • ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე კობახიძე ისრაელის ელჩს შეხვდა • მარნეულში ფრინველის უკანონო სასაკლაო აღმოაჩინეს • ნიკოლოზ სამხარაძე - მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო ინსტიტუციებზე თავდასხმა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა. • ევროკავშირის ელჩებმა ირანის ოფიციალური პირების წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცეს • ლაგოდეხში საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისთვის მამაკაცი დააკავეს •