ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან დაკავებულების პროკურორი საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის განცხადებები არ დაფიქსირებ...
საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ არის მიღებული - არც განცხადებები დაფიქსირებულა და შესაბამისად არცერთ მათგანთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, - განაცხადა სასამართლო სხდომის შემდეგ პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის, გიორგი ხაიდრაიას, ვლადიმერ ღუდუშაურის და ვასილ მხეიძის საქმეს აწარმოებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე არცერთ ბრალდებულს არ მიუმართავს პროკურატურას აღნიშნულ საკითხზე, მაგრამ თუ ასეთი განცხადება იქნება, უწყება განიხილავს. „საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩვენთან ვლადიმერ ღუდუშაურსაც და სხვა ბრალდებულსაც შეუძლია. დღეის მდგომარეობით არანაირი განცხადება არ დაფიქსირებულა და შესაბამისად არცერთ მათგანთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. თუმცა, ისინი უკვე დიდი ხანია აცხადებენ, რომ საპროცესო შეთანხმება სურთ, თუმცა ოფიციალური განცხადება არ შეუტანიათ. განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ მას - მათ შორის, სურთ თუ არა მათ საპროცესო შეთანხმება; ესეც საუბრის დონეზე რჩება“, - განაცხადა ანა ლეკიაშვილმა. სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ვლადიმერ ღუდუშაურის დაკითხვასთან დაკავშირებით, პროკურორმა განაცხადა, რომ მოწმემ დაკითხვისას დაადასტურა, რომ შესყიდვები ჯუანშერ ბურჭულაძის უშუალო დავალებით განხორციელდა და მინისტრის მოადგილე გიორგი ხაიდრაიაც მონაწილეობდა. „დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებული ვლადიმერ ღუდუშაური დაიკითხა. მან დაადასტურა, რომ შესყიდვები ჯუანშერ ბურჭულაძის უშუალო დავალებით განხორციელდა და ამაში მინისტრის მოადგილე გიორგი ხაიდრაიაც იყო ჩართული. ბრალდებულმა ყველაფერი აღიარა. რაც შეეხება სატენდერო კომისიის მუშაობას, ყველა მოწმემ, ვისაც რაიმე შეხება ჰქონდა ამ კომისიასთან და სასამართლოში დაიკითხა, დაადასტურა, რომ კომისია ფორმალურად ფუნქციონირებდა - კომისიის წევრები ერთმანეთს არ შეხვდნენ და მიღებულ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ფორმალურად მოაწერეს ხელი“, - განაცხადა ანა ლეკიაშვილმა. ცნობისთვის: თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით წაუყენეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედებები სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე. ბურჭულაძეს ბრალად ედება 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია. ბრალდების თანახმად, 2023 წელს ჯუანშერ ბურჭულაძემ თავისი მოადგილის, ნათესავისა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით სამხედრო ჰოსპიტალს 2 606 272 ლარის ნაცვლად 3 940 000 ლარად მიაწოდა სამედიცინო აღჭურვილობა, რის შედეგადაც 13,783 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა. გარდა ამისა, 2025 წლის მარტში ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ შეიძინეს ქონება. ამ ქონების წარმომავლობის დამალვისა და კანონიერი იერსახის მინიჭების მიზნით, მათ მესამე პირთან გააფორმეს დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის მაშინდელ ხელმძღვანელს ვლადიმერ ღუდუშაურს და ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილეს გიორგი ხაიდრაიას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში ედავებიან, ხოლო ბურჭულაძის სიძე ვასილ მხეიძეს გაფლანგვაში დახმარებას. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 პუნქტებით „ა“, „დ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ედებათ ჯგუფურად წინასწარი შეთანხმებითა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვასა და გაფლანგვაში ხელშეწყობაში, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე. ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
• დაინიუს ჟალიმასი: საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლით კერად იქცა • ტომაშ ფროლიკი: საქართველოს აქვს პრაგმატული მიდგომა საგარეო პოლიტიკასთან და არ სურს გახდეს სხვა კიევი • რეზოლუციის პროექტი: ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს ელენე ხოშტარიას და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას - ასევე გმობს შემაკავებელი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის აღკვეთას და მოუწოდებს „ოცნებას“ გააუქმოს ეს კანონები. • საქართველოს ეწვია დაღესტნის მუფთიატის თავმჯდომარე, რომელიც მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. • თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. • „გახარია საქართველოსთვის“: ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია •