ოპოზიციური პარტიების ალიანსი შეთანხმების პრინციპებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
„ოპოზიციური პარტიების ალიანსი“ შეთანხმების პრინციპებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიზანია ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა და დემოკრატიული მმართველობის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ალიანსი რამდენიმე ძირითად პრინციპს ეფუძნება. მათ შორისაა „ერთიანობა ერთგვაროვნების გარეშე“, რაც ნიშნავს, რომ ალიანსში შემავალი პარტიები შეინარჩუნებენ საკუთარ იდეოლოგიურ იდენტობას, ერთიანი საპროტესტო და საკომუნიკაციო სტრატეგიის შესაბამისად მოქმედებისას. მათი განცხადების თანახმად, მიზანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე, საქართველოს პარტნიორებისთვის იმის დემონსტრირება, რომ ისინი წარმოადგენენ „ივანიშვილის ოლიგარქიული და ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიულ ალტერნატივას“. დოკუმენტის თანახმად, მონაწილე პარტიები ასევე თანხმდებიან ქცევის კოდექსზე, რომელიც განსაზღვრავს მათ შორის ურთიერთქმედების წესებს და ადგენს ანგარიშვალდებულებას. „დღეს, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების ალიანსი თანხმდება საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და აცხადებს, რომ ჩვენი კოლექტიური ძალისხმევით გავათავისუფლებთ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმისგან, აღვადგენთ ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს და უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ მმართველობას, ქვეყნის უსაფრთხოებას და ქართველი ხალხის კეთილდღეობას. ჩვენი შეთანხმება ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ერთიანობა ერთგვაროვნების გარეშე: ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ თავიანთ იდეოლოგიურ იდენტობას, მაგრამ თანხმდებიან ერთიან საპროტესტო აქციებსა და საერთო საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. ჩვენი ამოცანაა, როგორც ქვეყნის შიგნით მყოფ ქართველ ხალხს, ასევე მის გარეთ მყოფ საქართველოს მოკავშირეებს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ წარმოვადგენთ ივანიშვილის ოლიგარქიული და ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიულ ალტერნატივას. დემოკრატიული ალტერნატივა: პარტიები თანხმდებიან, რომ მხოლოდ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებულ დემოკრატიულ ალტერნატივას შეუძლია ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხება. ჩვენ უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია, რომ ალიანსის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ეფუძნებოდეს მონაწილეთა თანასწორობის პრინციპს და ნების თავისუფალ გამოხატვას, გარე გავლენისგან თავისუფალს. პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი: ჩვენი მიზანია ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის გზით ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევა, რათა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი. და ჩამოაყალიბონ დემოკრატიული კოალიციური მთავრობა, რომელიც განახორციელებს აუცილებელ რეფორმებს. შეთანხმების მონაწილე მხარეები თანხმდებიან ქცევის კოდექსზე, რომელიც არეგულირებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთქმედების წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისთვის. ოპოზიციური ალიანსი ბოლომდე იბრძოლებს - პოლიტპატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე“, - ნათქვამია „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაში.
• ბათუმში 120-მდე შენობა დაანგრიეს • მახაშვილი: ჩვენ არ გვინდა ყველაფრის ფასად აღვადგინოთ ურთიერთობა აშშ-სთან, წინააღმდეგ შემთხვევაში გადატვირთვის შესაძლებლობა მაინც იქნებოდა • სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დღეს სამუშაო ვიზიტით ეწვევა • რა ქონებას ფლობს მიხეილ ყაველაშვილი - შემოსავლებისა და ქონების დეკლარაცია • რუსეთმა ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ირანის ატომურ ჩინოვნიკებთან კონტაქტი დაკარგა • სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თბილისს ეწვია •