გიგა ლემონჯავა ოპოზიციური ალიანსის კარი ღიაა ყველა პროდასავლური პოლიტიკური ჯგუფისთვის ჩვენ ვაგრძელებთ მათთან კოორდინაციას
„ოპოზიციური ალიანსის კარი ღიაა ყველა პროდასავლური პოლიტიკური ჯგუფისთვის. ეს არ ნიშნავს „ოპოზიციური ალიანსის“ საბოლოო ფორმირებას; ჩვენ ველოდებით სხვა პროდასავლურ პოლიტიკურ ჯგუფებს და ვაგრძელებთ მათთან კოორდინაციას“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ ოპოზიციური პარტიების ნაწილის შეხვედრის დასრულების შემდეგ. როგორც ლემონჯავამ აღნიშნა, „ოპოზიციური ალიანსი“ „ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიული ალტერნატივაა“. „ოპოზიციური ალიანსი ჩამოყალიბდა. ჩვენ ვქმნით საიმედო ალტერნატივას - ანუ ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიულ ალტერნატივას - პირველ რიგში ჩვენი ხალხისთვის, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ეს არის წესებზე დაფუძნებული საერთო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს პროდასავლური პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას გამარჯვების საერთო სტრატეგიის გარშემო. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიტიკურ პარტიას - მათ, ვინც გვერდზე გადადო პირადი ამბიციები და წინა პლანზე წამოწია ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები. ასევე მინდა ვთქვა, რომ ამ ოპოზიციური ალიანსის კარი ღიაა ყველა პროდასავლური პოლიტიკური ჯგუფისთვის. ეს არ ნიშნავს „ოპოზიციური ალიანსის“ საბოლოო ფორმირებას; ჩვენ ველოდებით სხვა პროდასავლურ პოლიტიკურ ჯგუფებს და ვაგრძელებთ მათთან კოორდინაციას“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ. შეგახსენებთ: ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის ჩამოყალიბდა „ოპოზიციური ალიანსი“. დოკუმენტს ხელს აწერენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“. ხელმომწერი ოპოზიციური ძალები თანხმდებიან საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და აცხადებენ, რომ კოლექტიური ძალისხმევით გაათავისუფლებენ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმისგან“, აღადგენენ ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს და უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას. შეთანხმება ეფუძნება რამდენიმე პრინციპს, მათ შორის „ერთიანობას ერთგვაროვნების გარეშე“. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ თავიანთ იდეოლოგიურ იდენტობას, მაგრამ თანხმდებიან ერთიან საპროტესტო აქციებსა და საერთო საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. გარდა ამისა, მონაწილე პარტიები თანხმდებიან ქცევის კოდექსზე, რომელიც არეგულირებს ხელმომწერებს შორის ურთიერთქმედების წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას ნებისმიერი დარღვევისთვის. „ოპოზიციური ალიანსი“ პირობას დებს, რომ „იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტპატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე“.
• საქართველოში მცხოვრებმა ირანელებმა აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამოაცხადეს • საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება და პასუხისმგებლობა მკაცრდება. • სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თბილისს ეწვია • ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში ხანძრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. • რა ქონებას ფლობს მიხეილ ყაველაშვილი - შემოსავლებისა და ქონების დეკლარაცია • ევროპის საბჭოს პლატფორმა: საქართველოში მედიის მდგომარეობა გაუარესდა რეპრესიული კანონების გამო •