ელენე ხოშტარია ე.წ საბოტაჟის საქმეზე ეს არის დასავლეთის დევნა რუსეთის რეჟიმის მიერ, საჯაროდ და ღიად გამიხარდება, თუ ჩემი წვლილი მინიმუმ 1 იქნება ივანი...
ეგრეთ წოდებულ „საბოტაჟის“ საქმეში მთავარი ის არის, რომ ეს არის რუსეთის რეჟიმის მიერ დასავლეთის დევნა საჯაროდ და ღიად. დასავლეთის მტრად გამოცხადება და მისი დამარცხების პრეტენზია საქართველოში, - წერს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში. ელენე ხოშტარიას თქმით, პროდასავლურმა ოპოზიციამ ერთად უნდა აჩვენოს, რომ არც ოპოზიციას და არც დასავლეთის იდეას დევნა ვერ დაამარცხებს. „მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ პოლიტიკურ პროცესს. ამ ეგრეთ წოდებულ „საბოტაჟის“ საქმეში მთავარი ის არ არის, ვინ გაათავისუფლებენ, დააბრუნებენ ან დაიბარებენ, მთავარია, ეს არის რუსეთის რეჟიმის მიერ დასავლეთის დევნა, საჯაროდ და ღიად. ამიტომ, ამ საქმეში რაიმე ინდივიდუალური სამართლებრივი განზომილების ძიებას აზრი არ აქვს. პროდასავლურმა ოპოზიციამ ერთად უნდა აჩვენოს, რომ ეს პროცესი წარუმატებლად დასრულდება, რადგან ეგრეთ წოდებული სასამართლო პროცესები ვერ დაამარცხებს არც ოპოზიციას და არც დასავლეთის იდეას. ქართული ოპოზიცია იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი რეალური მტრის, რუსეთისთვის. ეს პასუხისმგებლობა ახლა ჩვენზეა. აქვე მინდა გამოვაქვეყნო საერთაშორისო პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით წლების წინ შემუშავებული დოკუმენტის სათაური, რომელიც ამაყად, აქტიურად, საჯაროდ და გონივრულად გავუზიარე ჩვენი სახელმწიფოს ყველა მეგობარს, რადგან სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნის დაცვა რეალური მტრისგან. ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი წვლილი ივანიშვილის სანქციონირებაში 1% მაინც იქნება. მიხარია ისიც, რომ, ბოლოს და ბოლოს, ყულევის ტერმინალზე დასავლეთიც საუბრობს. შეუძლებელია წინააღმდეგობა არ გაუწიო ტერორიზმის ყველა ფორმას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს უკრაინაში და ქართული ოცნების რუსულ რეჟიმს, რომელიც მათ მხარს უჭერს. დღეს სწორედ ამაზეა დამოკიდებული სახელმწიფოს დაცვა და მორალური ხსნა. ციხიდან და გარედან რეჟიმს სიტყვითა და საქმით უნდა დაესხათ თავს, მათ შორის ამ პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით! P.S. საქმის წარმოებაში დაკისრებული საჯარო ადვოკატის არც ერთი სიტყვა არ არის და არ იქნება ჩემთან დაკავშირებული“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. დივერსიის საქმეზე ბრალი წარუდგინა მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. ელენე ხოშტარიას ბრალი სსკ-ის 318-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს დივერსიას, ზემოაღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფას და უცხო ქვეყნის მტრულ საქმიანობაში დახმარებას.
• ზურაბიშვილი: პარტიები, რომლებიც ან შედიან პარლამენტში, ან იმეორებენ „ოცნების“ გზავნილებს, მოღალატეები არიან • საქართველო ახორციელებს დამატებით სპეციალურ რეისს მუსკატიდან თბილისის მიმართულებით • ევროკომისია დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ: კომისიას შეუძლია გადაწყვიტოს ამ ზომების გავრცელება საქართველოს ყველა მოქალაქეზე - სიტუაციის გამოსწორება დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლებაზე • ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკანონმდებლო პაკეტის გამო • ბრიტანული გამომცემლობა დათო მაღრაძის პოეზიის კრებულს გამოსცემს • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმას •